Zusammen sicher in der Schweiz

დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება შვეიცარიაში

მოგესალმებით!

შვეიცარიის ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია შვეიცარიაში ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წესები. კონსტიტუცია ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. არცერთი სხვა კანონი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა.

შვეიცარიაში ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მათ ენიჭებათ შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითა და კანონით. აღნიშნული ვრცელდება ყველა ადამიანზე მათი შეხედულებების მიუხედავად (მაგალითად, პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური).

ფედერალურ კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები.

ესენია:

  • კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია და რასიზმი.
  • ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ცხოვრებას.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ არ შეურაცხყოფს, არ ემუქრება ან არ წაახალისებს ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ.
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება მისდიოს თავის რელიგიას და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი რწმენა.

პოლიციის როლი ყოველდღიურობაში

შვეიცარია უსაფრთხო ქვეყანაა, თუმცა აქაც ხდება დანაშაული. კერძოდ

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად პარკებსა და რესტორნებში, მატარებელში, ავტობუსში ან მატარებლის სადგურებზე,
  • საკუთარ სივრცეში, მაგალითად სახლში, სკოლაში ან სამსახურში, ან
  • ინტერნეტში.

პოლიცია ვალდებულია დაიცვას შვეიცარიაში მცხოვრები ყველა ადამიანი. ის აღასრულებს კანონებს და დევნის დანაშაულს.

პოლიცია შენ გვერდითაა. დაუკავშირდით მას, თუ დანაშაულის მსხვერპლი ან მოწმე გახდებით. საფრთხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 117.

შემოწმება პოლიციელის მიერ

პოლიცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს პირადი შემოწმება. შემოწმების დროს მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. ეს განმუხტავს სიტუაციას და საშუალებას იძლევა შეუფერხებლად განხორციელდეს შემოწმება პოლიციის მიერ.

შემოწმების დროს უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობა ან საშუალება მისცეთ სხვა სახით დაადგინონ თქვენი ვინაობა.

რა უნდა მოიმოქმედოთ

  • მიჰყევით პოლიციის მითითებებს და იყავით თავაზიანი. თუ შეკითხვა ან ინსტრუქცია თქვენთვის გაუგებარია, თქვით: «Ich verstehe Sie nicht.» («მე არ მესმის თქვენი»).
  • ყოველთვის გქონდეთ ხელები თვალსაჩინო ადგილას და არ შეეხოთ პოლიციელს.
  • თქვენი სახელისა და მისამართის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება დასჯადი დანაშაულია.
  • პოლიციას უფლება აქვს მიგიყვანოთ პოლიციის განყოფილებაში დამატებითი გამოძიების ჩატარების მიზნით.
  • პოლიციელს უფლება აქვს გაჩხრიკოს თქვენი ტანსაცმელი, ჩანთები და სხვა ნივთები, რათა გამოიძიოს ან თავიდან აიცილოს შესაძლო დანაშაული.

პოლიციელმაც უნდა დაიცვას წესები და სათანადოდ იმოქმედოს.

  • პოლიციელს უნდა ჰქონდეს მიზეზი (კონკრეტული მტკიცებულება) პირადი მონაცემების შემოწმებისთვის. წესია, რომ პოლიციელმა გაცნობოთ შემოწმების მიზეზი.
  • პოლიციის უნიფორმა ავტომატურად გამცნობთ მის ვინაობას. თუ პოლიციელს სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია, მან უნდა წარადგინოს პოლიციის მოწმობა.

თუ თვლით, რომ პირადი შემოწმების დროს პოლიციელი უკანონოდ მოგექცათ, მოითხოვეთ პოლიციელის სახელი და ჩაინიშნეთ თარიღი, დრო და ადგილი. მომხდარის შესახებ შეატყობინეთ პოლიციის შესაბამისი სამსახურის საჩივრების განყოფილებას.

Help and advice

Diese Seite verwendet Cookies. Erfahren Sie in unserer Datenschutzerklärung mehr darüber, wie wir Cookies einsetzen und wie Sie Ihre Einstellungen ändern können: Datenschutzerklärung